"თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!" - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მარში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს უკავშირდება. აქტივისტები კანონში ცვლილებებს მოითხოვენ.
ქალთა მოძრაობა მოითხოვს პარლამენტმა შეცვალოს გაუპატიურების მოქმედი დეფინიცია და კანონში გაკეთდეს ჩანაწერი ქალის დათანხმებასთან დაკავშირებით.
აქტივისტების თქმით, შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებისგან დაცვა დღეს არსებული კანონით.
"დღევანდელი კანონმდებლობით ზოგიერთი გაუპატიურება საერთოდ არ ითვლება გაუპატიურებად. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით თანხმობის არარსებობა უნდა იყოს გაუპატიურება, თუმცა დღეს კანონმდებლობა ქალს სთხოვს რომ იყოს ნაცემი, უწევდეს წინააღმდეგობას და მხოლოდ ამის მერე აქვს მას შანსი რომ დაუჯერონ. თუმცა ძალიან ხშირია გამამართლებელი გადაწყვეტილებები. პრაქტიკულად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ყველაზე დაუცველები არიან და დროა ეს შეიცვალოს", - თქვა საფარის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ფორმულას ეთერში.
ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ფემიციდის ფაქტები გახშირდა.